საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეაჯამეს პარლამენტის თავმჯდომარის 26 იანვარს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში განხორციელებული ვიზიტი და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა პაპუაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი.
კელი დეგნანის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელს არ განიხილავს, მანამდე ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრისას განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მისი ვიზიტი ნატო-ში, შეხვედრები ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი წარიმართება სათანადოდ იმ ვადების ფარგლებში, რაც არის გათვალისწინებული კანონით, რადგან აღნიშნულ სამსახურებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე, როცა ონლაინ არის ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია განთავსებული. სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის მნიშვნელობა დიდია ადამიანის უფლებების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელებად შეირჩევიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული არ იქნება.
ასევე, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მას კანონით განსაზღვრული ჰქონდა კიდევ სამი წელი, მის წინააღმდეგ არ ყოფილა გარკვეული ტიპის საჩივარი ან სხვა რაიმე პრეტენზია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს", - განაცხადა დეგნანმა.
შეგახსენებთ, საკონკურსო კომისიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატებად 3-3 პირი შეარჩიეს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს წარედგინება.