რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დეესკალაციის მისიით, რუსეთში მიემგზავრება.
მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი, ფართო ლეგიტიმაციით სარგებლობს, რათა პრეზიდენტ პუტინს ომის დაუშვებლობის შესახებ ევროპის ქვეყნების სახელითაც ესაუბროს.
საფრანგეთის როტაციის პრინიციპით ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა.
რუსეთში ვიზიტამდე ემანუელ მაკრონი შეერთებული შტატების პრეზიდენტო ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებმა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მაკრონმა და ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პარიზი და ვაშინგტონი მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან და რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, განაგრძობენ დიპლომატიურ ძალისხმევას მოკავშირეებთან თანამშრომლობით.
მანამდე, მაკრონმა გაზეთ Journal du Dimanche-თან ინტერვიში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი განხილვის საგანი არ არის.
მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბური ომის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მაკრონი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ევროპული სახელმწიფოების დასუსტების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, 8 თებერვალს ემანუელ მაკრონი უკრაინას ეწვევა.
ასევე ორშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და მისი გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი გაემგზავრებიან კიევში, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
ერთი კვირის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, გაემგზავრება უკრაინაში.