კანადის დედაქალაქ ოტავის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სატვირთო მანქანების მძღოლების ფართომასშტაბიანი პროტესტის გამო, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ გამოდიან.
თავდაპირველად სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აპროტესტებდნენ სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნებს. კანადის მთავრობამ მძღოლებს, რომლებიც აშშ-კანადის საზღვარს კვეთენ, ვაქცინაცია დაავალდებულა.
მოგვიანებით, დემონსტრაციებმა ფართო მასშტაბი შეიძინა და გადაიზარდა კოვიდრეგულაციებისა და პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს წინააღმდეგ მოძრაობაში.
ამ დროისთვის, ქალაქის ცენტრში ხუთასამდე სატვირთო მანქანაა განლაგებული. მძღოლები განცხადებით, არ აპირებენ დაშლას, ვიდრე კანადის მთავრობა არ გააუქმებს ყველა შეზღუდვას.
ოტავის მერის განცხადებით, ქალაქში სრულიად უკონტროლო ვითარებაა. მან ასევე განმარტა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობაა ადგილობრივ ხელისუფლებას შექმნილ ვითარებასთან გამკლავებასა და წესრიგის დამყარებას გაუადვილებს.
იმავდროულად, ქალაქის პოლიციამ მოუწოდა მოსახლოებას, არ გაუწიონ მატერიალური დახმარება (საწვავით) დემონსტრატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია დაჯარიმებით ან დაკავებით იმუქრება.
სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქციები გამართეს ტორონტოში, კვებეკი სითისა და ვინიპეგშიც. კვებეკის პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 30 დიდი სატვირთო მანქანა ბლოკავს ქალაქიც ცენტრალურ გზებს.
კანადაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აღტაცებით შეხვდა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან კანადის პრემიერ-მინისტრს "მემარცხენე შეშლილი" უწოდა, რომელმაც "მიწასთან გაასწორა კანადა გიჟური შეზღუდვებით".