დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ენმ-ს სამდივნოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება და სემეკი შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში არიან ჩართულნი, რომელიც გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს უკავშირდება.
"კომპანია "თელმიკომ" ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო", - თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, სანამ სომალთან და ვენესუელასთან ერთად საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიდანაც ადამიანები გარბიან, ხელისუფლება ძარცვავს ქართველ ხალხს და უწესებს ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს.
დეპუტატი ითხოვს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს გამოძიება, მოქალაქეებს კი მოუწოდებს მიიტანონ საკუთარი ქვითრები სემეკში, ან ენმ-ს ოფისში, რის შემდეგაც ისინი საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს გაუწევენ ადვოკატირებას და იბრძოლებენ მათი ჯიბიდან მოპარული თანხების დაბრუნებისთვის.