გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს სურს, რომ მისი მემკვიდრის, უელსის პრინც ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ, კორნუოლის ჰერცოგინია კამილამ, დედოფალი კონსორტის ტიტული მიიღოს. ამის შესახებ ნათქვამია მისი უდიდებულესობის გზავნილში, რომელითაც მან ბრიტანელ ერს პლატინის იუბილესთან დაკავშირებით მიმართა.
მისი მმართველობის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ მიმართვაში, დედოფალი ელისაბედი ამბობს, რომ გულწრფელად სურს, კამილამ მიიღოს დედოფალი კონსორტის ტიტული, "როდესაც ამის დრო მოვა".
"და როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი მეფე გახდება, ვიცი, რომ მას და მის მეუღლეს კამილას იგივე მხარდაჭერას გაუწევთ, როგორც მე. და ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა გახდეს დედოფალი-კონსორტი და გააგრძელოს ერთგული სამსახური", - აღნიშნავს დედოფალი.
დედოფლის ეს გზავნილი პირდაპირ გავლენას ახდენს კორნუოლის ჰერცოგინიას მომავალი ტიტულის გადაუწყვეტელ საკითხზე. მანამდე გამოითქვა მოსაზრება, რომ კამილას მიეღო "პრინცესა-კონსორტის" ტიტული.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავს, "პლატინის" იუბილეს აღნიშნავს.
პრინცესა ელისაბედი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს - მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების დღეს ავიდა. ელისაბედ მეორე, რომელსაც 2022 წელს 96 წელი უსრულდება, პირველი მონარქია, რომელიც ტახტზე ასვლის "პლატინის" იუბილეს აღნიშნავს.
"დედოფალი კონსორტის" ტიტული გულისხმობს მმართველი მეფის მეუღლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში, ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ, ჰერცოგინია კამილას მოიხსენიებენ როგორც "დედოფალ კამილას".
მმართველი მონარქის მეუღლეების ტიტულებთან დაკავშირებით ბრიტანეთში არაერთგვაროვანი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული. მაგალითისთვის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი და დედოფალ ვიქტორიას მეუღლე პრინცი ალბერტი "პრინცი კონსორტის" ტიტულს ატარებდნენ, და არა მეფის.
კამილასთან მიმართებაში ბრიტანეთის საზოგადოებაში ერთსულოვანი დამოკიდებულება არ იყო. მისი და ჩარლზის პირველი ქორწინებების წარუმატებლობის გამო, ვარაუდობდნენ, რომ კამილა პრინცესა კონსორტის ტიტულს მიიღებდა, თუმცა დედოფლის ამ განცხადებამ ყველა შესაძლო ბარიერი მოხსნა.
მანამდე, საახალწლო მიმართვაში ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ ჰერცოგინია კამილა გახდებოდა წვივსაკრავის საპატიო რაინდული ორდენის წევრი. ამ ორდენის წევრთა რაოდენობა შემოიფარგლება მხოლოდ უმაღლესი სუვერენით, უელსის პრინცითა და არაუმეტეს 24 ცოცხალი წევრით.