გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ის მალე გაემგზავრება მოსკოვში, რათა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, უკრაინის საზღვარზე არსებული "ძალიან სერიოზული" ვითარების განსახილველად. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
შოლცის განცხადებით, მოსკოვში მას შემდეგ გაემგზავრება, რაც შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაასრულებს..
კანცლერს მოსკოვში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ შეხვედრა "დაგეგმილია და მალე გაიმართება".
გერმანიის კანცლერის ვიზიტი ვაშინგტონში 6-7 თებერვალს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში შოლცი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ინტერვიუში ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი მზად იყოს უკრაინაში შეჭრისთვის.
"შეუძლებელია იმის არშემჩნევა, რომ უკრაინის საზღვართან დიდძალი ჯარისკაცი და ტექნიკაა თავმოყრილი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სამხედრო მოქმედების წინაპირობა. ამდენად, ძალზედ მნიშვნლოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რას ვამბობთ და რას ვამზადებთ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საფრთხეს, სამხედრო ინტერვენციას ექნება ძალიან მაღალი ფასი. ვფიქრობ, ეს გზავნილი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - თქვა შოლცმა.