გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
"პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტივობის გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე იქნება ტრაგიკული შეცდომა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას აქვს უფლება ისწრაფვოდეს ნატოში გაწევრიანებისკენ. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ვითარების გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, ლიდერები მიესალმნენ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე, ავღანეთში ვითარებასა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე.
"ისინი შეთანხმდნენ, გამოიყენონ დიალოგის ეს სულისკვეთება მიმდინარე დაძაბულობისთვის, რათა იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინთან სატელეფონო საუბრამდე, ბორის ჯონსონი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, რათა დაედასტურებინა ლონდონის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.