უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. ამის შესახებ კულებამ უცხოურ მედიასაშუალებებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულებას განცხადებით, საქართველო ალბათ ყველაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში.
"საქართველოს პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე - ნება და უნარი", - განაცხადა დმიტრო კულებამ.
საქართველოს პარლამენტმა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 1-ელ თებერვალს მიიღო. ოპოზიციის უმეტესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა მათ მოთხოვნა, ტექსტში რუსეთის როლის ხსენების თაობაზე.