"პარტია საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან წაიღო მიმართვა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებასა და მეგობარ ქვეყნებს საქართველოში სიტყვის თავისუფლების აღდგენისსთვის დახმარებას სთხოვს. მიმართვას ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოაწერა ხელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო საზოგადოებისაგან ითხოვენ ჩარევას საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
"ოპოზიციურმა პარტიებმა მოვამზადეთ მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებებისა და მეგობარი ქვეყნების მიმართ. მათ ვთხოვთ დაგვეხმარონ, რომ საქართველოში ტელევიზია და მასმედია იყოს თავისუფალი, აგრეთვე ვთხოვთ, გამოგვიყონ გადაცემები, რომელშიც შეზღუდული არ იქნება სიტყვის თავისუფლება. სალომე ზურაბიშვილმა ეს მიმართვა წაიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები დაგვეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში," - განაცხადა "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.