შეერთებული შტატები, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მოითხოვს.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ფხენიანმა ახლახან გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ამერიკის ტერიტორიამდე.
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, განიხილოს ვითარება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია გუამამდე მიაღწიოს.
"ამერიკის ხმა" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაეროში აშშ-ის მისიას სურს, საბჭომ ხუთშაბათს დახურული სხდომა გამართოს.
ბოლო ხანებია, ჩრდილოეთ კორეა, მკაცრი სანქციების მიუხედავად, განაგრძობს ბალისტიკური რაკეტების გამოცდასა და ძალის დემონსტრირებას. ბოლოს ფხენიანმა რაკეტა 30 იანვარს გამოსცადა. ეს არის იარაღის გაშვების მეშვიდე მცდელობა, რომელია ამ წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა.
შეერთებულმა შტატებმა 12 იანვარს სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის ხუთ მოქალაქეს, რომლებიც პასუხს აგებენ ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისთვის მასალების მიწოდებაზე.
ჩრდილოეთ კორეა უკვე მრავალი წელია საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამალებული შემუშავებისათვის.
