შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, მდივნმა ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგას დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუს კოლეგასთან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მზადაა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების საკითხებზე.
ბლინკენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ყველა ქვეყნის სუვერენული უფლების მიმართ, თავად აირჩიონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის მიზნები და ალიანსები.
"სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და გაიყვანოს ჯარები და აღჭურვილობა უკრაინის საზღვრიდან. მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის კვლავ შეჭრას მოჰყვება სწრაფი და მძიმე შედეგები და რუსეთს დიპლომატიური გზით მოქმედებისკენ მოუწოდა", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.