"კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც ენა უტრიალდება და მისი ისტორიის და წარსულის მიუხედავად, კიდევ კადრულობს და „ქართულ ოცნებას" პრორუსულს უწოდებს - რეზოლუციაზე პირველი გვახსენდება მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, სადაც ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჯერ გავარკვიოთ, ასე იყო თუ არა - დაადანაშაულეს თუ არა, რეზოლუციის მხარდაჭერით, ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში და შემდეგ, დამალეს თუ არა ისკანდერის ნაწილები. თუ ასეა, მოდი, საერთოდ გაეშვან რეზოლუციებს. ხანდახან ვხუმრობთ ხოლმე, „ნაციონალური მოძრაობა" ასეთ საკითხებთან დაკავშირებით რამეში რომ დაგეთანხმება, კარგად უნდა დაფიქრდე, რაღაც ცუდი ხომ არ ხდება, რატომ გეთანხმება, რამე პროვოკაციული ხომ არ არის ჩადებული, ომის რიტორიკას ხომ არ აღვივებს რამე ამ ნარატივში. და შემდეგ, ამ პროვოკაციების შედეგად, ომის გამჩაღებლები, პირველ რიგში, თავად ხომ არ დაემალებიან ამ ომს და ისევ ჩვენი საომარი, ჩვენი ქვეყნის თავზე გადასატეხი ხომ არ იქნება ეს ამბები. მათი პოლიტიკის შედეგი ხომ არ იქნება 20%-ის ოკუპაცია, დიახ, რუსეთის მიერ. შემთხვევით, ეს ხომ არ მოხდება მათი პოლიტიკის შედეგად? და აბა რა, დაგიწუნებენ შემდეგ იმ პოლიტიკას, რომლის შედეგია სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება. დაგიწუნებენ იმიტომ, რომ პროვოკაციული რიტორიკა აკლია ამ ყველაფერს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე შეფასებით, არსებულ ვითარებაში, რეზოლუციის მდგენელი ყველა პირობა დღევანდელი კონკრეტული მოცემულობიდან - უკრაინელი ხალხის და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ომის არდაშვების უპირატესი ინტერესიდან უნდა გამომდინარეობდეს.
„ეს არ მოეწონებათ, გამოეკიდებიან ფრაზებს. დღეს ლირიული გადახვევებიც მოვისმინეთ - აკაკი წერეთელი მოიშველიეს. იცით, როგორია „ნაცმოძრაობის" რიტორიკა და მისი ტელევიზიების ნარატივი? დღეს აკაკი წერეთელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ იტყოდნენ, რომ აკაკიმ რუსეთი ვერ ახსენა, შეეშინდაო. ამ პრიმიტიულ, პიარულ ნარატივზე უნდათ ქართული საზოგადოების დასმა. დღეს მოვისმინე კიდევ, კატასტროფული იყო მდინარაძის გუშინდელი განცხადებაო, რუსებთან უნდა იყოთ მართლებიო? სტრასბურგი რით მოვიგეთ? გადათარგმნეს, ასე თქვა, იქნებ რუსეთს მოეწონოსო. ასე რომ მეთქვა და მსგავსი ინტერპრეტაციის საშუალება მიმეცა, ამ ტყუილის თქმა კი არ დაჭირდებოდა ქალბატონ ხათუნას. იმიტომ მოიტყუა, „სიმართლე" იმიტომ შეცვალა „მოწონებით", რომ ეს ნარატივი ასე უნდა გასულიყო. მოწონებაზე კი არ არის ლაპარაკი, სტრასბურგში იმიტომ მოვიგეთ, რომ მართლები ვიყავით. პირველ რიგში, მათთან უნდა ვიყოთ მართლები, მათ წინაშე კი არა. რა მოწონება? მართალი უნდა იყო ყველა სიტყვაში, ყველა წინადადება უნდა გქონდეს გაზომილი, რომ არ დააზიანო ამ ორი ქვეყნის მეგობრობა, შენი ეროვნული ინტერესი და გამოხვიდე მშვიდობის, ომის არდაშვების პოლიტიკით, არ უნდა იკადრო ტყუილები ამ სიმართლის გადასაფარად. ეს არის ყველაზე მთავარი და ამას შევეგუოთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.