შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, კიევში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე წარადგინოს ბრიჯიტ ბრინკი, მაღალი რანგის გამოცდილი კარიერული დიპლომატი.
ამერიკულ ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ერთი ნაბიჯიღა აშორებს ბრიჯიტ ბრინკის უკრაინაში აშშ-ის ელჩად ოფიციალურად დასახელებამდე, რადგან მისი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ელოდება კიევისგან თანხმობას.
CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკის ელჩას წარდგენა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა უკრაინის მთავრობას კანდიდატურა ჯერ არ დაუდასტურებია.
უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაახლოებულმა წყარომ ორშაბათს განუცხადა CNN-ს, რომ კიევი კვლავ ამოწმებს ბრინკს.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი უკრაინაში გამოცხადდება "ძალიან მალე" და დასძინა:
"შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, მას ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს ადამიანი იქნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობ და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონისა".
ბრიჯიტ ბრინკი 2019 წლიდან სლოვაკეთში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელია. სხვადასხვა დროს ბრინკი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში უზბეკეთში, საბერძნეთში, თურქეთსა და საქართველოში.
უკრაინის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა 2019 წლის მაისიდან ვაკანტურია, როდესაც წინა ელჩი, მარი იოვანოვიჩი, ვაშინგტონში გაიწვიეს. იოვანოვიჩი უკრაინაში 2016 წელს დაინიშნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, ხოლო 2019 წლის მაისში მან თანამდებობა დატოვა იმდროინდელი სახელმწიფოს მეთაურის დონალდ ტრამპის პირადი მოთხოვნით, რომელმაც ელჩი [მის მიმართ] არალოიალობაში დაადანაშაულა.
ამჟამად, უკრაინაში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას კრისტინა ქუინი ასრულებს.
შეგახსენებთ, 2018 წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, ხოლო საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო.