„უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, ამიტომ, დღეს მთავარი ამოცანაა ახალი ომის არდაშვება და ამ პოზიციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქცს, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც",- ასე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილი იქნება.
„რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტის შინაარსს, კმაყოფილი ვარ, რომ ტექსტთან დაკავშირებით იმუშავეს როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევე, იქნება საჯარო განხილვაც კომიტეტის სხდომაზე. საბოლოო ჯამში, ფრაქციები შეთანხმდებიან რაღაც საკითხებზე, რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან. მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს უზრუნველყოფილი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო.
„პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი საგარეო ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. სხდომა იყო წარმატებული - ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა იმ საკითხებზე, რომლებიც ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მოწინავე პოზიციებს შეეხება. გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართა გენერალური მდივნის მოადგილესთანაც. ჩვენი ხელისუფლება გახლავთ მჭიდრო კოორდინაციაში და კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან და სწორედ ამ კომუნიკაციის და კოორდინაციის საფუძველზე ვმოქმედებთ. ასევე, მსურს, დაგიდასტუროთ, რომ იმ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს, რომ ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ვინაიდან, უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.