ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული რეჟიმი, მკაცრი სანქციების პირობებში, კვლავ აგრძელებს ძალის დემონსტრირების მცდელობებს.
ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ინფორმაციის ნამდვილობა 30 იანვარს დაადასტურეს სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა და იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ.
იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის, ჰიროკაზუ მაცუნოს თქმით, რაკეტა, რომელმაც ნახევარ საათში 800 კმ მანძილი დაფარა, იაპონიის ზღვაში მათი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონას მიღმა ჩამოვარდა.
სამხრეთ კორეა იუწყება, რომ ფხენიანის მიერ რაკეტა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც 2000 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა.
სამხედრო ექსპერტების განცხადებით, თუ ეს მონაცემები დადასტურდა, გამოდის, რომ ფხენინანის მიერ გაშვებული ეს რაკეტა, ყველაზე მძლავრია, რაც კი 2017 წლის შემდეგ გამოუცდიათ.
სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
შეერთებულმა შტატებმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება და მოუწოდა ფხენიანს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან.
აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტის გაშვება არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს შეერთებული შტატების ტერიტორიის ან მის მოკავშირეთა მიმართ.
ეს არის იარაღის გაშვების მეშვიდე მცდელობა, რომელია ამ წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა.
შეერთებულმა შტატებმა 12 იანვარს სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის ხუთ მოქალაქეს, რომლებიც პასუხს აგებენ ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისთვის მასალების მიწოდებაზე.
ჩრდილოეთ კორეა უკვე მრავალი წელია საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამალებული შემუშავებისათვის.