ENG / RUS       12+

რა სანქციები შეიძლება დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ?

დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. 

ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი დიპლომატები უარს ამბობენ კონკრეტული ზომების წინასწარ გამჟღავნებაზე, რადგან რუსეთი, შესაძლოა, მოემზადოს და მაქსიმალურად შეამციროს მოსალოდნელი ეფექტი. 

რა სანქციებს შეიძლება გეგმავდეს დასავლეთი?

ფინანსური შეზღუდვები

განხილულ ღონისძიებათა შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსეთის გარიცხვას გლობალური ფინანსური სისტემა SWIFT-იდან.

SWIFT-ის სისტემაში ათასობით ფინანსური ინსტიტუტია ჩართული მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

ამ სისტემიდან გათიშვა რუსულ ბანკებს უცხოეთში ოპერაციებისთვის, ფაქტობრივად, უფუნქციოს გახდის. მსგავსი ტიპის სანქცია გამოიყენეს ირანის წინააღმდეგ 2012 წელს, რის შედეგად, ქვეყანამ ნავთობის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი და საგარეო ვაჭრობის დიდი წილი დაკარგა.

მაგრამ ამ სანქციას ასევე ექნება ეკონომიკური ღირებულება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა შეერთებული შტატები და გერმანია, რომელთა ბანკებს მჭიდრო კავშირი აქვთ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან.

დოლარის შეზღუდვა 

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთს აუკრძალოს აშშ დოლართან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები. შედეგად, ნებისმიერ დასავლურ კომპანიას, რომელიც რუსულ ინსტიტუტს დოლარში გარიგების უფლებას მისცემდა, დაჯარიმდება.

შედეგად, რუსეთის შესაძლებლობა, მარტივად რომ ვთქვათ, იყიდოს ან გაყიდოს ნებისმიერი რამ მსოფლიოს მასშტაბით, უკიდურესად შეიზღუდება.

ამან, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს რუსეთის ეკონომიკაზე, რადგან მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვების უმეტესი ნაწილი დოლარში ივაჭრება.

სუვერენული ვალი

დასავლურ ძალებს შეუძლიათ მიიღონ ზომები, რათა დაბლოკონ რუსეთის შემდგომი წვდომა საერთაშორისო ვალის ბაზრებზე.

დასავლური ინსტიტუტებისა და ბანკების შესაძლებლობა შეიძინონ რუსული ობლიგაციები უკვე შეზღუდულია - ეს შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.

ეს ქვეყანას ართმევს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე, რომელიც მას ეკონომიკის გასაძლიერებლად სჭირდება. რუსეთის მთავრობისთვის სესხების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს და რუბლის ღირებულება დაეცეს.

ბანკების დაბლოკვა

შეერთებულ შტატებს შეუძლია შავ სიაში შეიტანოს რუსული ბანკები, რაც შეუძლებელს გახდის მათი მეშვეობით საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას, თუმცა, ეს დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს დასავლელ ინვესტორებზე, რომლებსაც ფული აქვთ რუსულ ბანკებში.

ექსპორტის მიზნობრივი კონტროლი

დასავლეთს შეუძლია შეზღუდოს ძირითადი საქონლის ექსპორტი რუსეთში. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა შეაჩეროს გაყიდვები ნებისმიერი საქონლისა, რომელიც შეიცავს ამერიკულ ტექნოლოგიას, პროგრამულ უზრუნველყოფას ან აღჭურვილობას.

ეს შეიძლება იყოს მიკროჩიპები, რომლებიც გამოიყენება თითქმის ყველაფერში სმარტფონებიდან ავტომანქანების ჩათვლით, ასევე სამომხმარებლო ტექნიკა. 

ექსპორტის კონტროლი გამიზნული იქნება არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური სექტორებისთვის, არამედ მთელი მისი ეკონომიკისთვის.

ენერგეტიკული შეზღუდვები

რუსეთის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია გაზისა და ნავთობის საზღვარგარეთ გაყიდვებზე. გაყიდვები კრემლის შემოსავლის უზარმაზარი წყაროა.

დასავლეთმა შესაძლოა უკანონოდ აქციოს ქვეყნებისა და კომპანიების მიერ ნავთობის შესყიდვა რუსული ენერგეტიკული გიგანტებისაგან, როგორიცაა გაზპრომი ან როსნეფტი.

ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი ახალი რუსული გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", რომელმაც რუსული გაზი გერმანიამდე უნდა ჩაიტანოს, შესაძლოა, შეჩერდეს. ის მზად არის ოპერაციების დასაწყებად, მაგრამ ჯერ კიდევ ელოდება გერმანული მარეგულირებლის სერტიფიცირებას.

მაგრამ რუსული გაზის ნებისმიერი შეზღუდვა გაზრდის ფასებს მთელ ევროპაში, რომლის დიდი ნაწილი კრემლის ენერგიაზეა დამოკიდებული.

ინდივიდუალური სანქციები

ახალი სანქციები, შესაძლოა, დაუწესდეს კერძო პირებსაც, მათ შორის, არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინის გარემოცვას, არამედ - თავად რუსეთის პრეზიდენტზეც.

ეს სანქციები შესაძლოა გულისხმობდეს უხოური აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. მსგავსი ტიპის სანქციები ახლაც მოქმედებს მრავალი რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, მაგრამ ამას კრემლის ქცევა არსებითად არ შეუცვლია.

აშშ და ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ პერსონალური სანქციების მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ელიტა, რომელიც ვეღარ შეძლებს უცხო ქვეყნებში თავის სიმდიდრეებთან წვდომას და თავიანთი შვილებისთვის დასავლური განათლების მიცემას, ზეწოლას მოახდენს პუტინზე.

სირთულეები დასავლეთისთვის

მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დასავლეთი ახლა დგას არის ის, თუ რა სანქციები, რა მასშტაბის და როდის უნდა დაწესდეს. ამ მიმართლებით, ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. 

რამდენად უნდა იყოს დამოკიდებული სანქციები რუსეთის თავდასხმის მასშტაბსა და ბუნებაზე? ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა პრეზიდენტ ბაიდენის ციტატამ "მცირე შეჭრის" თაობაზე. 

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის წინააღდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომებზე ერთიანობა არსებობს, თუმცა არის კითხვა, ვინ დააწესებს სანქციებს. სანქციების დაწესების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და გერმანიამ.

გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია შეამსუბუქოს დასავლეთის სანქციების ეფექტი ჩინეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით. 

ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე ეფექტური ეკონომიკური სანქციები ხშირ შემთხვევაში ძვირი ჯდება მათთვისაც, ვინც მათ აწესებს.

წყარო: BBC