ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.
მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებასა და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.
გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.
მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.
დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.
უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.
ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია მიმართვაში.
კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია ავრცელებს ინფორმაციას.
იურიდიული კომპანია BLB-ის განცხადებით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. Netflix-ი სწორედ იმ მოტივით ითხოვდა საქმის შეწყვეტას, რომ სერიალში გამოყენებული სადაო ფრაზა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშ ჯდებოდა.
„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია, გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. გილოცავთ ამ გამარჯვებას“, – აღნიშნულია იურიდიული კომპანიის ინფორმაციაში.
საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსმა შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.
შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის სასამართლოს 16 სექტემბერს წარედგინა სარჩელი ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ.
ჭადრაკის დიდოსტატი Netflix-ს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახი 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
დავა შეეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen's Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაცების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.
კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის ჰარმონის შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან."
The New York Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დავა მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი ნაწილია და ამბობს: "ის, რომ ქალი მოჭადრაკეები მიღებული არიან საჭადრაკო საზოგადოებაში და ისინი ხდებიან დიდოსტატები ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია; ეს არის ბრძოლა, რომელიც მე დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც მე ვაგრძელებ".