შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის "აშკარა შესაძლებლობა" არსებობს. ამის შესახებ ამერიკული მედია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე დაყრდნობით იტყობინება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის ემილი ჰორნის განცხადებით, თებერვალში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ ჯო ბაიდენმა საჯარო განცხადებები უწინაც გააკეთა.
"ჩვენ ამის შესახებ ბოლო თვეებია ყველას ვაფრთხილებთ", - დასძინა პრესმდივანმა.
ბაიდენისა და ზელენსკი სატელეფონო საუბრის შესახებ უფრო მეტი დეტალი შეიტყო CNN-მა. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა, CNN-თან ანონიმური დაცვის პირობით საუბრისას აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარმა არც ისე კარგად ჩაიარა. გავრცელებული ცნობით, ბაიდენი და ზელენსკი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის დონეს განსხვავებულად აფასებენ.
CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ თებერვალში მოსალოდნელია შეჭრა მას შემდეგ, რაც მიწა საკმარისად გაიყინება იმისათვის, რომ სამხედრო ტექნიკამ დაუბრკოლებლად შეძლოს გადაადგილება.
ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ შემაშფოთებელია, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ თავდასხმა განხორციელდება.
უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგას "უფრო მშვიდი განცხადებების" გაკეთებისკენ მოუწოდა და ახსენა პანიკის ეკონომიკური გავლენა. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის დაზვერვა საფრთხეს სხვანაირად ხედავს.
პრესსპიკერმა ემილი ჰორნმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინელი მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება და მას სიყალბე უწოდა. უკრაინელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადება ზელენსკის პრესსპიკერმაც უარყო.
ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ მას და ბაიდენს ჰქონდათ ხანგრძლივი საუბარი, სადაც "განიხილეს ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა დეესკალაციის შესახებ და შეთანხმდნენ ერთობლივ ქმედებებზე მომავლისთვის".
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის და დასძინა, რომ "განიხილეს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებიც".
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მტკიცე რეაგირება მოახდინონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომა მოიწვია.