14 პროცენტი აფასებს დადებითად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, 29 პროცენტი – საშუალოდ, 46 პროცენტი – უარყოფითად. ათმა პროცენტმა არ იცის, ერთი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.