"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა" და მწერალთა სახლის ერთობლივი საერთაშორისო სარეზიდენციო პროექტის ფარგლებში, ნანტიდან თბილისს მწერალი სოფი მერსერონი ეწვია.
სოფი მერსერონი, წლების განმავლობაში, თეატრის მსახიობი იყო პარიზსა და ნანტში, 2006-2009 წლებში კი დააარსა და ხელმძღვანელობდა, ლიტერატურულ შემოქმედებით სივრცე, L'Ogre à Plumes-ს. წერს პიესებს თეატრალური დადგმებისთვის. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა, "აპრილი" (Avril, გამომცემლობა L'Ecole Des Loisirs), არაერთი მნიშვნელოვანი საბავშვო ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.
მისი რეზიდენციის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა და ღონისძიება. ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, იგეგმება ონლაინშეხვედრა ფრანგულენოვან მკითხველთან. პარალელურად კი, რეზიდენციის დიდ ნაწილს, ავტორი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას დაუთმობს.
საპასუხოდ, თბილისთან დამეგობრებულ ქალაქ ნანტში, გაემგზავრება მწერალი ირმა ტაველიძე, რომელიც, აპრილის განმავლობაში, ადგილობრივ რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" და მწერალთა სახლი, საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას გასული წლის შემოდგომიდან ახორციელებენ. ლა კორუნიას სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილებდნენ მწერლები, თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია, ხოლო ლვოვის რეზიდენციაში, ზაზა კოშკაძე იმყოფებოდა.
მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამაში კი მონაწილებდნენ უკრაინელი და ესპანელი მწერლები.
საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა შემდგომშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე იგეგმება რეზიდენციები ირლანდიასა და მექსიკაში.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.