მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება - სხდომაზე ამჯერად 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება. ადვოკატების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.
"მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას ცხადია აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს "სასამართლო პროცესებში", ბრჭყალებში იმიტომ, რომ ცხადია ეს არ არის სასამართლო პროცესები და მისთვის მნიშვნელოვანი არის ქართველ მოქალაქეებთან და საზოგადოებასთან საუბარი, თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზიდან”, - ამბობს ექსპრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს. პროკურორებმა წინასწარ არ ისაუბრეს თუ რა მტკიცებულებებს წარადგენენ, თუმცა ადვოკატები კვლავ აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საუბარია მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება.