"ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონებში გასვლით ღონისძიებებს ატარებენ. ამჯერად პარტიის ლიდერები აჭარაში ჩავიდნენ, სადაც აშშ-ს რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ორგანიზებულ სემინარზე პარტიის დასავლეთ საქართველოს ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ორდღიანი სემინარის მთავარი თემა მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების განსაზღვრა იყო.
"ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, მათ შორის თემაზე - როგორ განკარგავს ხელისუფლება იმ ისედაც მწირ თანხებს, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვისაა განკუთვნილი. ყველა რეგიონშია პრობლემები, თუმცა არ იქნება სწორი ზოგადი სტრატეგიის შემუშავება, პრიორიტეტები სპეციფიკის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, აუცილებელია სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსების მონიტორინგი, რასაც ჩვენი პარტიული რგოლები ყველა დონეზე აკონტროლებენ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
აჭარაში "ქრისტიან-დემოკრატებმა" სოფლის პროგრამის მიმდინარეობა 200-ზე მეტ სოფელში შეისწავლეს და მათი განცხადებით, უამრავი ხარვეზი აღმოაჩინეს. ლევან ვეფხვაძე ამ საკითხის დაყენებას საქართველოს პარლამენტში გეგმავს და განმარტებების მოსმენას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრისგან აპირებს.