თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი ჟურნალისტი სედეფ ქაბასი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
სედეფ ქაბასი სტამბოლში 22 იანვარს დააკავეს და სასამართლომ მას, საქმის საბოლოო განხილვამდე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტს ბრალად ედება სატელევიზიო ეთერში შეურაცხმყოფელი ანდაზის გამოყენება, რომელიც სასამართლოს აზრით, პრეზიდენტ ერდოღანისკენ მიემართებოდა.
"არსებობს ძალიან ცნობილი ანდაზა, რომ გვირგვინის დადგმის შემდეგ თავი უფრო ბრძენდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხარი კი არ ხდება მეფე სასახლეში შესვლით, არამედ სასახლე ხდება ბეღელი", - თქვა ქაბასმა ტელეარხ Tele1-ის ეთერში.
ერდოღანის პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალთუნმა ჟურნალისტის კომენტარი დაგმო და მას უკიდურესად უპასუხისმგებლო უწოდა.
სედეფ ქაბასი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, პრეზიდენტის შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია.
თურქეთის კანონმდებლობით, ეს ბრალდება ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Tele1-ის რედაქტორმა ჟურნალისტის დაკავება მკაცრად გააკრიტიკა.
"სედეფ ქაბასის დაკავება ღამის ორ საათზე ანდაზის გამო მიუღებელია. ეს არის ჟურნალისტების, მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობა", - თქვა მერდა იანარდაგმა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდება ათასობით ადამიანს წარუდგინეს.