ბრიტანეთის თემთა პალატის კონსერვატორი დეპუტატი ნუსრათ ღანი, რომელიც უწინ მთავრობაში ტრანსპორტის მდივნის თანამდებობას იკავებდა, ამტკიცებს, რომ 2020 წელს მისი გათავისუფლების მიზეზი მუსლიმობა გახდა. იუწყება გამოცემა The Sunday Times-ი.
The Sunday Times-თან საუბრისას ნუსრათ ღანის თქმით, როდესაც გათავისუფლების მიზეზების განმარტება მოითხოვა, განუცხადეს, რომ "მუსლიმობა იყო სადავო საკითხი, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა მის კოლეგებს".
ნუსრათ ღანის განცხადებით, ამ დამოკიდებულებამ შეარყია მისი ნდობა და რწმენა პარტიის მიმართ და დიდხანს ფიქრობდა, შეენარჩუნებინა თუ არა თემთა პალატის დეპუტატობა.
კონსერვატორების ლიდერმა ღანის განცხადებას ცილისწამება უწოდა, კაბინეტის განათლების მდივანმა ნადიმ ზაჰავიმ კი განაცხადა, რომ ბრალდება სერიოზულია და ის გამოძიებას საჭიროებს.
ზაჰავის განცხადებით, კონსერვატიულ პარტიაში ისლამოფობიის ან რასიზმის რაიმე ფორმის ადგილი არ არის და ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს, რათა ის აღმოიფხვრას.
Sky News-სთან საუბრისას, იუსტიციის მდივანმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ნუსრათ ღანის ბრალდება "უაღრესად სერიოზულია", მაგრამ ოფიციალური გამოძიება არ დაიწყება, თუ ის ოფიციალურ საჩივარს არ წარადგენს.
ნუსრათ ღანი ტრანსპორტის დეპარტამენტს სათავეში 2018 წელს ჩაუდგა, საიდანაც 2020 წელს, ბორის ჯონსონის სამთავრობო ცვლილებების შედეგად გაათავისუფლეს.
ღანი ბრიტანეთის მთავრობის პირველი მუსლიმი ქალი წევრი იყო.
ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.