საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე.
ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილნი არიან ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად პირველ და მეორე კენჭისყრაზე 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, მესამე მცდელობაზე თავმჯდომარის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ სამივე კენჭისყრაზე თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, შემდეგ კენჭისყრაზე თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) აირჩევენ. ასეთ შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარე 6 თვით აირჩევა.