აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისგან გარღვევას არ ელოდება. ამის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ისაუბრა.
"არ ველოდები არანაირ გარღვევას", - ასე უპასუხა მან შეკითხვას თუ როგორ ხედავს მოლაპარაკებების შედეგებს.
ამასთან, ბლინკენმა გაიხსენა, რომ აშშ-მა და რუსეთმა 10 იანვარს ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე კოსნულტაციები გამართეს, ასევე 12 იანვარს გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 13 იანვარს კი ვენაში ეუთოს საბჭოს სხდომა.
"ყველას გვქონდა შესაძლებლობა დავფიქრებულიყავით იმაზე, რაც მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ რუსეთის დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა კონსულტაციები გაევლო პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ყველას გვქონდა შესაძლებლობა კონსლუტაციების ერთმანეთთან, ასევე ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან", - აღნიშნა ბლინკენმა.
"მნიშვნელოვანი მომენტია, გავიგოთ რა ეტაპზე ვიმყოფებით საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, რა დასკვნები გააკეთა რუსეთმა ამ დიპლომატიური შეხვედრების შედეგად", - დასძინა ბლონკენმა.
მისი თქმით, აშშ-სთვის ჟენევის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდება, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ კრიზისის მოგვარება დიპლომატიის გზით.
"ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტს ხვალ გავიგებთ, რუსეთი ნამდვილად მომხრეა თუ არა, რომ ეს უთანხმოება დიპლომატიური გზით, დიალოგის მეშვეობით გადაიჭრას. ორივე შემხვევისთვის ჩვენ მზად ვართ და ერთიანნი ვართ", - აღნიშნა ბლინკენმა.
დღეს, 21 იანვარს, ჟენევაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება.
ორი ქვეყნის წამყვანი დიპლომატების შეხვედრის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები და უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.