ბერლინში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს შეხვდა.
მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენეცია, სადაც დიპლომატებმა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთს მოსალოდნელ აგრესიაზე ისაუბრეს.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის ფონზე, დასავლელი მოკავშირეები ერთიანები არიან.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის შეთავაზებით და ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით. ჯერჯერობით, ჩვენი მზაობა კეთილსინდისიერი ჩართულობისთვის უარყოფილია – რადგან, სინამდვილეში, ეს კრიზისი, პირველ რიგში, იარაღსა და სამხედრო ბაზებს არ ეხება. საუბარია უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე. და, სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია.
რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას მოახდენს? რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, რომ მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა და თავს დაესხას დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერ ნაპერწკალს. როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპები უგულებელყოფილი იქნება, დაბრუნდება მსოფლიო, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად ჩამოყალიბებულ წესებს ძირი გამოეთხრება და შემდეგ გაქრება. და ეს გარკვეულ მთავრობებს აგულიანებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიიღონ ის რაც მათ სურთ – მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს სხვა ქვეყნის ინტერნეტის გათიშვას, ცივ ზამთარში გათბობისთვის საჭირო საწვავის შეწყვეტას ან ტანკების გაგზავნას – ყველა ეს ტაქტიკა რუსეთმა ბოლო წლებში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა
სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადალახვა აგრესიად ჩაითვლება.
უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი სწრაფ და ფართომასშტაბიან შედეგებს იწვნევს, ამაში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანები არიან", - თქვა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მოკავშირეთა საერთო მიზანი დაძაბულობის განმუხტვის დიპლომატიური გზის პოვნაა.
"რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს რუსეთმა, მას ყოველთვის მოუწევს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ერთიან პოზიციასთან გამკლავება. დასავლეთი ერთხმად მოქმედებს, როცა საქმე რუსეთს ეხება. ეს ერთიანობა გვაძლევს ძალას და მინდა დავძინო, რომ რუსეთი ამ სიძლიერეს ვერ შეედრება", - თქვა ბლინკენმა.
ბერლინში ვიზიტამდე, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უკრაინაშ იმყოფებოდა, სადაც თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.
21 იანვარს ენტონი ბლინკენი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.