მომავალი კვირიდან, ინგლისში, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა, რომელიც გასული წლის ბოლოს ომიკრონი შტამის გავრცელების აღსაკვეთად დაწესდა, გაუქმდება. განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მხოლოდ ინგლისს ეხება. დიდი ბრიტანეთის დანარჩენ ნაწილში, ამ საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება განაგებს და არა ლონდონი.
ჯონსონის თქმით, "გეგმა ბ"-ს სახელით ცნობილი შემზღუდავი ზომები 26 იანვრის შემდეგ აღარ იმოქმედებს.
კერძოდ, დისტანციური მუშაობის მოთხოვნა, კოვიდპასპორტები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება.
BBC-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა თქვა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც უქმდება. მოგვიანებით ლონდონის მერმა სადიქ ხანმა განაცხადა, რომ მგზავრებმა პირბადის ტარება უნდა განაგრძონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში, მატარებლებსა და ტრამვაიში.
ჯონსონის თქმით, თუ რომელიმე კომპანია გადაწყვეტს, რომ მათ ტერიტორიაზე შემსვლელთათვის შეინარჩუნოს კოვიდპასპორტის აუცილებლობა, შეუძლია ასეც მოიქცეს.