კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობისა და ერთი მილიარდი გრივნის გირაოს დაკისრების შესახებ.
პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს. ამას გარდა, ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა ჩააბაროს თავისი პასპორტი. პოროშენკოს ეკრძალება კიევის ოლქის დატოვება გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის ნებართვის გარეშე. ვალდებულებების მოქმედების ვადად 2022 წლის 19 მარტი განისაზღვრა.
სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან შეკრიბილები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები. საპროტესტო აქციაზე პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საუბარია ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანაზე. ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოროშენკო ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.