ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე Facebook-ზე ეხმაურება ელენე ბაქრაძე-დარიანის წიგნის დასაბეჭდად ფულის შეგროვებას, რომლის გარშემოც საზოგადოება გაერთიანდა და რამდენიმე საათში, საჭიროზე მეტი თანხა შეაგროვა
"გილოცავთ დღევანდელ დღეს! ვინ თქვა რომ ჩვენი საზოგადოება არასოლიდარულია?
გუშინ დავწერე: "(ელენე დარიანის) წიგნს ახლიდან აუცილებლად დავბეჭდავთ - საზოგადოების იმ ნაწილის ხელშეწყობით, ვისაც უყვარს და აინტერესებს ქართული ლიტერატურა და კულტურა"
გუშინ საღამოს 9 საათისთვის საინციატივო ჯგუფმა წიგნის დასაბეჭდად საჭირო თანხის შეგროვება დაიწყო.
არნახულ ტემპებში, არანახული ხალისით, მხოლოდ სამ საათში შეგროვდა საჭიროზე მეტი თანხა. ყველას უდიდესი მადლობა, ყველას ვინც თუნდაც 1 ლარი გადმორიცხა საერთო საქმისთვის. დიდი, დიდი მადლობა ამ ერთად დგომისთვისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენისთვის, დიდი სიყვარულითვის, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი კარგი არ გამოდის.
წუთის-სოფელი ესეა:
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია –
სიყვარულს უშენებია", - წერს ლაშა ბაქრაძე.
შეგახსენებთ, 2 იანვარს ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ, რომლის თაოსნობითაც დაიბეჭდა წიგნი "ელენე ბაქრაძე (დარიანი)" სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც იუწყებოდა, რომ წიგნში შეცდომით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, ელენე დარიანის სახელით.
17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც გამოცემის გავრცელების შეწყვეტა მოითხოვა. იმავე დღეს, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ წინა დღით, სამინისტრომ გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარების სამინისტროსთვის გადაცემა მოითხოვა.
ლაშა ბაქრაძე იუწყებოდა, ლიტერატურის მუზეუმმა მის ხელთ არსებული ტირაჟი სამინისტროს გადასცა.