შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. უკრაინაში ამერიკელ დიპლომატს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.
უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც განიხილავს რუსეთთან გამართულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და დასავლეთის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
უკრაინაში ვიზიტამდე, ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა სატელეფონო საუბრისას, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ენტონი ბლინკენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას.
"სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი განხილვა უნდა მოიცავდეს ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.