საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა "არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის" ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
"გვსურს შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე როგორც არაადამიანური, ასევე ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს ამ საკითხზე. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი ვიდეომასალები, სრული მარშრუტი - ჩასმა, გადმოყვანა და ა.შ. მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა არსებობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
ამასთამ, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები პარიტეტული კომისიის შექმნას და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტებს დაადგენს.
"ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ჩვენ ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს.
ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას, ეს იქნება ცენტრი "ემპათია" და დანიშნოს სახელმწიფომაც თავისი ექსპერტები. ეს იქნება პარიტეტული ექსპერტიზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას.
ვიმეორებ, ვითხოვთ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ კომისიურ სამედიცინო ექსპერტიზას, ყოვლისმომცველს, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს და დაეყრდნობა სტამბულის პროტოკოლს", - თქვა გვარამიამ.