საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილა.
ელჩი ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს შეკითხვები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესის შესახებ ჩემი არყოფნის დროს ჩემი სახელით გაკეთდა კომენტარი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო გასაკვირი და დაჩქარებული პროცესი არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების გამოც, ვინაიდან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს დემოკრატიის შენება დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ, ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტირებას ამ სამსახურში, ასე, რომ სათანადოდ გვესმის, რას ნიშნავდა ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 30 დეკემბერს მიიღო კანონი, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - იქმნება.
სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას მუშაობის ვადა 2022 წლის პირველ მარტს ეწურებათ.