დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ უახლოეს წლებში, რესპუბლიკური პარტია აღადგენს კონტროლს კონგრესსა და თეთრ სახლზე. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არიზონაში მხარდამჭერთა მიტინგზე განაცხადა.
ტრამპის გამოსვლის ტრანსლირებას ტელეკომპანია Newsmax აწარმოებდა.
"გპირდებით, რესპუბლიკელები 2022 წელს დაიბრუნებენ კონტროლს კონგრესის ორივე პალატაზე და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ ისინი თეთრ სახლში დაბრუნდებიან", - თქვა ტრამპმა.
ყოფილ პრეზიდენტის განცხადებით, წითელი ტალღა (რესპუბლიკური პარტიის ფერი) იზრდება და მალე ის მთელ ქვეყანას მოედება.
"აქ, არიზონაში, უზარმაზარი წითელი ტალღა იზრდება და ის მთელ ქვეყანას მოედება. 2024 წელი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჩვენ წელსვე დავიბრუნებთ წარმომადგენელთა პალატას, დავიბრუნებთ სენატს და დავიბრუნებთ ამერიკას. ხოლო 2024 წელს ჩვენ დავიბრუნებთ თეთრ სახლს", - თქვა ტრამპმა.
2022 წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებში ჩატარდება კონგრესის შუალედური არჩევნები, ასევე რამდენიმე შტატის გუბერნატორების არჩევნები. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.