ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
"ბუქარესზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში რჩება და ეს ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ცხადად აისახა. ამ მხრივ, ალიანსის წევრების პოზიცია არ შეცვლილა. საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ახალი სტრატეგიული კონცეფცია ამ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს, რისთვისაც კარგი საფუძვლები არსებობს", - განუცხადა აპატურაიმ ქართველ ჟურნალისტებს ლისაბონში, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი მიმდინარეობს.
ამასთან, მან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "საქართველო არა მხოლოდ ეხმარება სხვას, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში თავისი წვლილი შეაქვს".
"ნატოს 26-ე წევრს საკმაოდ ნათელი პოზიცია უკავია საქართველოსთან მიმართებაში და ეს არც შეცვლილა. ისინი ღიად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არასდროს აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს", - განმარტა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია აქვს.
გუშინ, ლისაბონის სამიტის პირველივე დღეს მიღებული დოკუმენტით ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მომდევნო ათწლეულის სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატოს კარი ღია რჩება ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი დემოკრატიული ქვეყნებისთვის.