თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მოსკოვს შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მასშტაბურ პასუხს გასცემენ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციებით. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნულანდის განცხადებით უკრაინაში შეჭრაზე დასავლეთის რეაგირება ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს.
"მე არ ვაპირებ განვიხილო 18 განსხვავებული სცენარი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დიალოგი მოკავშირეებთან დაფუძნებულია რუსეთისთვის მძაფრი ტკივილის სწრაფად მიყენებაზე, თუ რუსეთი გადადგამს ნაბიჯს, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ იქნება მიმართული", - თქვა ნულანდმა.
მიუხედავად ამისა, ნულანდმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით.
"ჩვენ გვჯერა, რომ დიპლომატიური გზით შეგვიძლია მივაღწიოთ დეესკალაციას და ზოგიერთ საკითხზე პროგრესს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი იდეის გარშემო, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, მოსკოვი დარჩება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ეს პუტინის არჩევანია", - განაცხადა ნულანდმა.
ვიქტორია ნულანდის ამ ინტერვიუს ფონია, ინტენსიური მოლაპარაკებები, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის შედგა ამ კვირის განმავლობაში. მოსკოვი მოლაპარაკებებს წარუმატებლად მიიჩნევს.
კრემლის ნეგატიურმა განწყობამ კიდევ უფრო გააღრმავა შიში რუსეთს უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ.
აშშ მზადაა მოსკოვთან განიხილოს შეიარაღების კონტროლი და რეგიონში სამხედრო წვრთნების შეზღუდვა, მაგრამ უარყოფს რუსეთის მოთხოვნებს ზოგიერთი ქვეყნიდან ჯარების გაყვანის ან ნატოში სუვერენული სახელმწიფოების გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.