წყნარ ოკეანეში, კუნძულოვან სახელმწიფო ტონგის სამეფოს სიახლოვეს, გიგანტური წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ცუნამი კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას დაატყდა თავს.
კუნძულზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ვულკანის ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწა დიდხანს ირყეოდა და გამაყრუებელი ხმა გაისმოდა.
თვითმხილველების თქმით, ვულკანურმა ფერფლმა ტონგის სამეფოს დედაქალაქმდე მიაღწია, რომელიც ვულკანიდან 65 კილომეტრში მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამოფრქვევის შედეგად გამოწვეულმა ოკეანის ტალღებმა შთანთქეს დედაქალაქის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ქუჩები, განადგურდა საცხოვრებელი სახლები, რომელიც სანაპიროს გასწვრივ იდგა.
მოსალოდნელი საშიშროების ფონზე, სამეფო ოჯახის სასახლიდან ევაკუაცია მოახდინეს.
ცუნამის საფრთხის გამო, მოსახლეობა მოშორდა სანაპიროს და შემაღლებული ადგილებისკენ გადაინაცვლა.
ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ტონგამ, ფიჯის კუნძულებმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.