ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე და არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდის საუბრის შემდეგ, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შედგა.
„ვმუშაობთ რა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ერთიანი ევროატლანტიკური პასუხისთვის, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას შესაძლოა, ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას ან ნატოს ერთობის შესუსტებას. ცხადია ის, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის განმავლობაში. რუსეთი ახლა ცდილობს, ძალისმიერი მუქარით შეცვალოს ოცდაათწლიანი მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის. ნატო წლებია სთავაზობს რუსეთს ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით საუბარს, სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა ის, მაგრამ რუსეთი უარს ამბობს მონაწილეობაზე. თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები იმ დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რომელიც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გუშინ განაცხადა, თუკი ევროპული უსაფრთხოება გამოწვევის წინაშე დგას, ეს რუსეთისგან მოდის და არა ნატოდან. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს იმას რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებში და განლაგებული ჰყავს ჯარები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე.
რუსეთს გამოყენებული აქვს ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მიზანში ამოუღია და დაუხოცავს ხალხი ევროპის მასშტაბით. რუსეთი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და ტყუილებს ევროპაში დაბნეულობისა და განხეთქილების დათესვის მიზნით. მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია. შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს ჩვენი ერთობლივი ერთგულება დიალოგისა და დიპლომატიისადმი და აღნიშნეს, რომ თუ გვსურს, დიპლომატიამ გაიმარჯვოს, რუსეთმა უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ამ კვირის მაღალი დიპლომატიის თანმიმდევრულად
ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ ამ უმთავრესი პრინციპებით:
– გადაწყვეტილებების მიღება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატოს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. სხვა ვერავის ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე.
– ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ნატოს შესახებ ნატოს გარეშე და ჩვენ არ მოვილაპარაკებთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე.
ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, აირჩიონ თავისი ეკონიმიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები. საერთაშორისო სამართლის ამ ძირეულმა პრინციპებმა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას
75-ზე მეტი წლის განმავლობაში მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ის პრინციპებია, რომელსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ.
თითოეულმა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა, ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოური ბატონობით, ჩაგვრითა და კონტროლით. საქართველოში კარგად იცნობთ რუსეთს თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე. საქართველო ნატოსა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ ვუპასუხოთ ამ კრიზისს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობის ფონზე“, - განაცხადა ელჩმა.