შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი შექმნას. იუწყება CNN-ი აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, რუსეთს თავის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სპეციალურად გაწვრთნილი ოპერატიული გუნდი მზადყოფნაში ჰყავს.
წყაროზე დაყრდნობით, CNN იუწყება, რომ გაწვრთნილი ოპერატიული გუნდი აღმოსავლეთ უკრაინაში ასაფეთქებელ ნივთიერებებს გამოიყენებენ რუსეთის მარიონეტული ძალების წინააღმდეგ.
CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში წყარო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სჯერა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში შეჭრისთვის, რაც "გამოიწვევს ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევას და ომის დანაშაულებს, თუ დიპლომატია დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს".
"რუსი სამხედროები გეგმავენ, რომ ეს აქტივობები სამხედრო შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყონ, რაც შეიძლება, მოხდეს იანვრის შუა რიცხვებიდან, თებერვლის შუა რიცხვებამდე", - თქვა მან.
მისი თქმით, ასეთი სცენარი რუსეთმა ყირიმში 2014 წელს განახორციელა.
CNN-ის ეს ცნობა ეხმიანება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსული სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციას რუსეთის მიერ მართული ძალების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა ეს კიევს დაბრალდეს და ომის საბაბად გამოიყენოს.
"აგრესორი ქვეყნის სამხედრო ნაწილები და მისი სატელიტები იღებენ ბრძანებებს, მოემზადონ ასეთი პროვოკაციებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, შექმნას წინაპირობები უკრაინაში შეჭრისთვის.