რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მომავალ კვირაში, ვიზიტებს გამართავს კიევსა და მოსკოვში. ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ანალენა ბერბოკი კიევში 17 იანვარს ჩავა, სადაც ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.
კიევში ვიზიტის ფარგლებში ბერკობი შეხვედრას გამართავს ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრბთან.
კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ბერბოკი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს "ნორმანდიულ ფორმატის" მუშაობაში პროგრესის მიღწევის მცდელობა წარმოადგენს. ამასთან, ყურადღება გამახვილდება დაძაბულობის დეესკალაციისა და დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
"ნორმანდიული ფორმატის" მუშაობა, რომელიც გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს გულისხმობს, დიდი ხანია გაყინულია. ბოლო შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, 2019 წელს, პარიზში გაიმართა.