დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
2004 წლის 14 იანვარს მიღებულ იქნა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:
"სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი; ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია.
უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი".
ამ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.