შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის მოთხოვნისა, ჩრდილოატლანტკური ალიანსის კარი ღია დარჩება. ამის შესახებ ამერიკის პირველმა დიპლომატმა ტელეკომპანია MSNBC-ის ეთერში განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, ნატო არ აპირებს რუსეთისთვის იმ პირობის მიცემას, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ გახდება.
"ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც. რუსეთი ცდილობს, ნატო-ს უარი ათქმევინოს თავის ფუძემდებლურ პრინციპზე ღია კარის პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევით", - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ღია კარის პოლიტიკა მოლაპარაკებების საგანი ვერ გახდება. მისივე თქმით, ევროპის სტაბილურობას საფრთხეს რუსეთი უქადის და არა ნატო.
"ჯერ არ არის ნათელი, თუ რომელ გზას დაადგება პუტინი. აპირებს თუ არა ის დიპლომატიისა და დიალოგის გზის არჩევას ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად, თუ გააგრძელებს კონფრონტაციისა და აგრესიის გზას", - აღნიშნა ბლინკენმა.
მიმდინარე კვირაში ევროპაში მოლაპარაკებების სერია გაიმართა, რომელიც, უკრინის საზღვრებთან რუსული ძალების კონცენტრაციის ფონზე, მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის.
დღეს, ვენამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრას უმასპინძლა, 57 წევრი ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით. ეუთოს ფარგლებში კონსულტაციებს წინ უსწრებდა 12 იანვარს ბრიუსელში გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, მანამდე კი 10 იანვარს ჟენევაში "სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე" შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები.