ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში დასრულდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოლაპარაკებები რთული იყო, მაგრამ "სწორედ ამიტომაც არის საჭირო ასეთი დიალოგი", - დასძინა მან.
მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე წარიმართა უკრაინის საკითხის ძალზედ სერიოზული და გულწრფელი განხილვა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთს გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, რომელთა მოგვარებაც ადვილი არ იქნება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის დიალოგისთვის რუსეთთან საკამათო საკითხებზე, თუმცა კომპრომისზე არ წავლენ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.
იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე საქართველოც ახსენა. გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.
"რუსეთის სამხედრო ძალები განთავსებულია საქართველოში, უკრაინაში, მათ შორის ყირიმში, მოლდოვაში. რუსული ჯარები ამ ქვეყნებში მათი მთავრობების ნებართვის გარეშე იმყოფებიან, იქ მათ არავინ მიესალმება. მოვუწოდეთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ერთგულია პრინციპისა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ნატო-ში შეერთებული შტატების მისიამ განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭო რჩება დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად, "განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბულობა ასე მაღალია".
რუსეთისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 ქვეყნის წარმომადგენელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობდა. რუსეთს ასევე წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი..