დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, ბოდიში მოიხადა წვეულებაზე დასწრების გამო, რომელიც რეზიდენციის ბაღში, პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი ლოკდაუნის დროს გაიმართა.
ამასთან, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს იყო "სამუშაო ღონისძიება".
"მინდა ბოდიში მოვიხადო. ვიცი, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 18 თვის განმავლობაში, მილიონობით ადამიანმა წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო. მესმის იმ ადამიანების აღშფოთების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისივე დადგენილ წესებს არ იცავს", - თქვა ჯონსონმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, როდესაც 2020 წლის 20 მაისს მისმა უფროსმა თანაშემშემ, მარტინ რეინოლდსმა ადმინისტრაციის თანამშრომლები რეზიდენციის ბაღში მიიწვია, რათა "კარგი ამინდით შეძლებისდაგვარად ესარგებლათ", მას "ღრმად სწამდა, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყო".
ჯონსონის თქმით, აჯობებდა, რომ თანამშრომლებისთვის სახლში წასვლა ერჩია.
ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის ბოდიში დაგვიანებული და არასათანადო უწოდა და მყისიერი გადადგომისკენ მოუწოდა.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელიც 2020 წლის 20 მაისს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენციის (დაუნინგ სტრიტის 10) ბაღში გამართულ წვეულებას ასახავდა. როგორც გაირკვა, წვეულებაზე ადმინისტრაციის 100 თანამშრომელი იყო მიწვეული. დაესწრო მხოლოდ 30, მათ შორის ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე.
მაშინ ქვეყანაში, პანდემიის გამო, სოციალური ღონისძიებების გამართვა არ იყო ნებადართული. ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ. ლოკდაუნის პირობებში გამართულმა წვეულებამ ბრიტანელების განრისხება გამოიწვია.