შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.
ნულანდის განცხადებით, ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.
"ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის, თუ რა თქმა უნდა, რუსეთი არ გადაწყვეტს, რომ თავად შეუქმნას საფრთხე ნატოს", - თქვა ნულანდმა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის წინ, ნულანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება, ვეტო დაადოს ალიანსში ახალი წევრის მიღებას. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების მისაღებია.
"ალიანსის სადამფუძნებლო ხელშეკრულების თანახმად, ნატო კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობისთვის საჭირო მაღალ სტანდარტებს. არიან ქვეყნები, რომელთაც სურთ ალიანსის წევრობა და ამისთვის, ნატო-სთან ერთად თავგამოდებით მუშაობენ, ამ ქვეყნებს შორის არიან საქართველო, უკრაინა და სხვები", - თქვა ნულანდმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, კრიზისი რუსეთის მიერ არის შექმნილი და ამ ვითარებაში, უკრაინა აგრესორი არ არის, როგორც ამას რუსეთის დეზინფორმაცია იუწყება.
"სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ძალის გამოყენებით დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული და განაგრძობს ომის გაჩაღებას უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინას მხოლოდ მშვიდობიანი, დემოკრატიული და ევროპული მომავალი სურს თავისი ხალხისთვის, რასაც შეერთებული შტატები ურყევ მხარდაჭერას უცხადებს, ისევე როგორც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ამას რუსეთსთვის განუზომელი საფასური მოჰყვება.