საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.
"მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის ნატოს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ ნატოს ურყევ და მტკიცე პოზიციას", - განაცხადა რასმუსენმა.
ამასთან, რასმუსენის თქმით, საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები.
„ვფიქრობ, რომ საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები. უკრაინა ძალიან ახლოა, რათა დააკმაყოფილოს საჭირო კრიტერიუმები. სწორედ ამიტომ პუტინი მუდმივად იმუქრება, ახალ-ახალი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს, ოკუპირებული აქვს საქართველოს განუყოფელი რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოახდინა ყირიმის ანექსია, დესტაბილიზაციას ქმნის აღმოსავლეთ უკრაინაში. მე მსურს ასეთი ვარიანტის განხილვა მოხდეს და ეს არის ჩემი შეთავაზება. ცივი ომის დროს გერმანია ნატოს წევრი გახდა აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე. ეს ტერიტორია არ შედიოდა დასავლეთ გერმანიის მთავრობის კოტროლს ქვეშ. ჩვენ ნება დავრთეთ დასავლეთ გერმანიის გაწევრიანებას. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს ნატოს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარი უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ ნატოს კარი“, - განაცხადა რასმუსენმა.
თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია "იმედს".