ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ "სასამართლო პროცესზე" ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა! - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
მისი თქმით, ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე - ზეწოლით, დაჭერის შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!
"მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.
ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ, რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა - რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!
ახლაც ასე მჯერა - „ლელო“ აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!
პირადად მამუკას და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა!
ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა - მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!“ – წერს მელია.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.