გამოცემა euobserver-მა გამოაქვეყნა იმ რუსი ჯაშუშების ვინაობა, რომლებიც გასულ წელს ნატო-ს შტაბბინიდან გააძევეს.
გასული წლის ოქტომბერში, ჯაშუშების გაძევების გადაწყვეტილების კომენტირებისას, გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პირები, რომლებსაც რუსეთი დიპლომატებს უწოდებდა, ეწეოდნენ ისეთ მოქმედებას, რაც არ შეესაბამებოდა მათ დიპლომატიურ მანდატს.
ნატო-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი თავისი მისია დახურა.
რუსი ჯაშუშები, რომლებიც ბრიუსელიდან გააძევეს არიან - სერგეი ჩესნოკოვი, ოლეგ დემეხინი, ვასილი ეპიშკინი, დიმიტრი ფილიპენოკი, იგორ კოვალიოვი, ნადეჟდა ობუხოვა, ალექსანდრ სმუშკო და სტანისლავ ტელეგინი.
წარმოშობით ესტონელი ალექსანდრ სმუშკო ერთხანს GRU-ს სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა. ბრიუსელში გამგზავრებამდე ის იყო რუსეთის თავდაცვის მინსიტრ შოიგუს, რუსეთის გენშტაბის მეთაურის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის პერსონალური თარჯიმანი მაღალი დონის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
ალექსანდრ სმუშკოს მეუღლე, რომელიც ბრიუსელში ქმართან ერთად იმყოფებოდა, რუსეთის მისიაში დიპლომატად არ იყო გაფორმებული, მაგრამ მისი მოქმედებები ყურადღებას იქცევდა. როგორც გაირკვა ნინა სმუშკო რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნების ინდონეზიის, მალაიზიის და ვენესუელის სამხედროებთან მუშაობდა.
კიდევ ერთი ჯაშუში დიმიტრი ფილიპენკოვი, სავარაუდოდ, ბრიუსელში იმისთვის გაიგზავნა, რომ ბელგაში მყოფი რუსებისთვის ეთვალთვალა და თანამემამულეთა შორის გამოევლინა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებები. ფილიპენკოვი "ეფესბეს" მზვერავი იყო, თუმცა ოფიციალურად მას ნატო-ში რუსეთის მისიაში პირველი რანგის მდივნის თანამდებობა ეკავა.
ჯაშუშ ვასილ ეპიშკინს, როგორც აღმოჩნდა, კრემლისგან კიბერნეტიკისა და დიდი მონაცემების (Big Data) სფეროში დასავლეთის აქტივობების შესწავლა ჰქონდა დავალებული. ერთ ხანს, ის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვისაც მუშაობდა.
კიდევ ერთი ჯაშუში ნადეჟდა ობუხოვა, რომელიც გაძევებამდე ნატო-ში რუსეთის მისიაში მრჩევლად მუშაობდა, უწინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. მოგვიანებით, ის გახდა რუსეთის საელჩოს ატაშე ოტავაში, კანადაში.
როგორც იუწყებიან, რუსეთს ბელგიაში კიდევ აურაცხელი ოდენობის მზვერავი ჰყავს. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის აკრედიტებული დიპლომატების მინიმუმ ნახევარი (დაახლოებით 100) იყო დაზვერვის ოფიცერი, ხოლო კიდევ 100 რუსი ჯაშუში მუშაობდა ბელგიაში არადიპლომატიურ საფარქვეშ, სხვადასხვა ანალიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ჯაშუშების ვინაობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.
ფოტო: ალექსანდრე სმუშკო (ყვითლად მონიშნული) რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან (მარცხნიდან მესამე).