ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა ჩვენს მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მზაობა, მიმდინარე წელი უფრო უკეთესი და უფრო წარმატებული იყოს.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა მინისტრს წარმატებული საქმიანობისთვის. ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდ გავაკეთოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდ მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ - გასულ წელს, მოგეხსენებათ ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში. მათ შორის, იყო არჩევნები. საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მზაობა, უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მობილიზებით, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა. უნდა გავაუმჯობესოთ, უნდა დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუმარტივოთ ოპერირება და საქმიანობა. ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა ჩვენს მოსახლეობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.