ავღანეთიდან ევაკუაციის დროს დაკარგული სოჰაილ აჰმადი თავის ოჯახს დაუბრუნდა. იუწყება BBC.
ბავშვი გასული წლის აგვისტოში ევაკუაციის დროს დაიკარგა. როდესაც მოძრაობა "თალიბანმა" ხელში ძალაუფლება ჩაიგდო, ათასობით ადამიანი ავღანეთის დატოვებას ჩქარობდა.
აეროპორტის შესასვლელში ქაოსი იყო, ამიტომ სოჰაილის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ამერიკელი სამხედროებისთვის ღობიდან გადაეცათ, რადგან ვიდრე ისინი აეროპორტის შენობაში შესვლას შეეცდებოდნენ, მოსალოდნელი ჭყელტის შედეგად ბავშვი არ დაშავებულიყო.
თუმცა, როდესაც სოჰაილის მშობლები აეროპორტის ტეროტორიაზე შევიდნენ, თავიანთი 2 თვის ბიჭის ნახვა ვეღარ შეძლეს. ბავშვის უშედეგო ძებნის შემდეგ ბიჭის მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც ქაბულში აშშ-ის საელჩოს დაცვის თანამშრომელი იყო და მისი ცოლი, სურაია ოთხ უფროს შვილთან ერთად ავღანეთიდან საევაკუაციო თვითმფრინავით გაფრინდნენ.
მომდევნო თვეების განმავლობაში მირზა ალი აჰმადი და სურაია შვილის ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდნენ.
ბიჭი გასული წლის ნოემბერში Reuters-ის მიერ სოჰაილის ისტორიის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ იპოვეს. გაირკვა, რომ ბიჭი ქაბულელი ტაქსის მძღოლის 29 წლის ჰამიდ საფის ოჯახში ცხოვრობდა.
ჰამიდ საფიმ ბავშვი აეროპორტში იპოვეს. მისი თქმით, ის მიწაზე იწვა და ტიროდა, მის გვერდით კი არავინ იყო. ბიჭის მშობლების უშედეგო ძებნის შემდეგ ჰამიდ საფიმ ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა და სახლში წაიყვანა. ბიჭს მუჰამედი დაარქვეს. ჰამიდ საფის თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს შვილების ფოტოები სოჰაილთან ერთად.
როდესაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჰაილი საფის ოჯახში ცხოვრობდა დადასტურდა, ბიჭის პაპამ მუჰამედ ქასემ რაზავიმ, რომელიც ბადახშანის პროვინციაში ცხოვრობს, ქაბულში შვილიშვილის წამოსაყვანად წავიდა.
თუმცა ჰამიდ საფიმ ბავშვის მიცემაზე უარი უთხრა და მოსთხოვა, რომ სოჰაილის დაბრუნების სანაცვლოდ მისი ოჯახიც აშშ-ში გაეგზავნათ. იუწყება Reuters.
სოჰაილისა და ჰამიდ საფის ოჯახებს შორის მოლაპარაკებები შვიდ კვირას გაგრძელდა. პროცესში ჩართული იყო "თალიბანის" პოლიცია, ჰამიდ საფი მცირე ხნით დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. ორმა ოჯახმა შეთანხმება შეძლო და ბავშვი, შაბათს, პაპას დაუბრუნეს.
სოჰაილის მშობლებმა Reuters-ს უთხრეს, რომ სოჰაილის დაბრუნება ზეიმით აღნიშნეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ფორმალური პროცედურები მალე დამთავრდება და სოჰაილს მიჩიგანში წაიყვანენ, იქ, სადაც ოჯახი დასახლდა.
ფოტოზე: 29 წლის ტაქსის მძღოლი ჰამიდ საფი, სოჰაილი და მისი პაპა

ფოტოზე: ჰამიდ საფის ემოციური დამშვიდობება სოჰაილთან
